понедельник, 22 декабря 2008 г.

ჩვენი მედიკოსები ომში

აგვისტოს მოვლენებზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ. იმ დღეებში ჯარისკაცებთან ერთად თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი მედიკოსებიც. დიახ იბრძოდნენ. ამის თქმა გადაჭარბებულად სულაც არ მიგვაჩნია. გთავაზობთ ჩვენს მიერ მოძიებულ მასალას, ინტერვიუებს მედიკოსებთან და დაჭრილებთან, საიდანაც ნათლად სჩანს მათი გმირობის ამბავი.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალი.

1245 დაჭრილი და 107 დაღუპული, - ეს ბოლო მონაცემია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, რომელიც ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში იყო. ექიმებს უამრავი დაჭრილის მიღება და ურთულესი ოპერაციების ჩატარება უწევდათ. არახელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ჰოსპიტალმა ძირითადი დანიშნულება - ჰოსპიტალური, სტაციონალური ფუნქცია კი არა, მიმღებ-გამანაწილებელი, სამედიცინო ბატალიონის ფუნქცია შეასრულა.
მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა უამრავ მოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ყველა აკეთებდა იმას, რასაც ვითარება მოითხოვდა. ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთო, თქვეს ჰოსპიტალში, რამდენიმე ექიმმა ვერ გაუძლო დენთის სუნნარევ სისხლს და წავიდნენ, მაგრამ ასეთები ერთეულბი იყვნენ. სამედიცინო პერსონალის 95% ჩართული იყო პროცესში. გასაკუთრებული დატვირთვა ქირურგიულ განყოფილებასა და რეანიმაციაზე მოდიოდა. გთავაზობთ ინტერვიუს სამედიცინო სამსახურის მაიორ გოჩა კინწურაშვილსა და ასევე რეზერვის ოფიცერ, სამედიცინო სამსახურის უფროს ლეიტენანტ ნიკა ჩადუნელთან (მასალა მოძიებულია ჟურნალ ”არსენალიდან”).

გოჩა კინწურაშვილი - ერთ მშვენიერ დილას დაიწყო ჩვენი სამუშაო დღე და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. სამუშაო რეჟიმი არ არსებობდა, ვიცოდით, რომ რამდენიც საქმეს დასჭირდებოდა, იმდენ ხანს უნდა ვყოფილიყავით ჰოსპიტალში. 11 აგვისტომდე აქედან არავინ წასულა, მაგრამ როდესაც ვითარება გართულდა, მორიგე 20-კაციანი ბრიგადები ჩამოვაყალიბეთ. თითო ბრიგადაში ყველა სპეციალობის თითო ექიმი შედიოდა, ყველაზე მეტად ქირურგიული განყოფილება იყო დატვირთული. სტრუქტურულ ქვედანაყოფში შედის არა მარტო ზოგადი ქირურგია, არამედ ტრამვატოლოგია, უროლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, საოპერაციო ბლოკი და ანესთეზიოლოგიური სამსახური. აქედან გამომდინარე, ჩვენი განყოფილება, რა თქმა უნდა, რანიმაციასთან ერთად, ყველაზე მეტად დაიტვირთა. მიმღები გაყოფილება, შოკის დარბაზითურთ, დაჭრილთა მიღებას ვერ აუდიოდა.

ნიკა ჩადუნელი - 7 აგვისტოს ჰოსპიტალი დავცალეთ პაციენტებისაგან, რომ მათ საფრთხე არ შექმნოდათ, რადგან დიდი შანსი იყო ჰოსპიტალის დაბომბვისა. 8-ში კი ისევ დავიწყეთ დაჭრილების მიღება. შემოსულ პაციენტებს ვუწევდით პირველად დახმარებას, რაც გულისხმობს ჰაერსავალი გზების პროთეზირებას, შემდეგ საქმეში ერთვებოდნენ ქირურგები. მუშავდებოდა ჭრილობები, საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტებს საოპერაციოდ ვამზადებდით,
- სულ რამდენი დაჭრილი და მიცვალებული აღირიცხა ომის დღეებში ჰოსპიტალში?
გოჩა კინწურაშვილი: - 1245 პაციენტი და 107 მიცვალებული. ხშირად მეკითხებიან, მართალია, რომ სატვირთო მანქანებით მოჰყავდათ დაჭრილები, დაღუპულებიო? ყოფილა შემთხვევა, ერთდროულად 100 დაჭრილი მოუყვანიათ. როცა რამდენიმე დღეში 1200 კაცზე მეტს მიიღებ, ბუნებრივია, ბევრია, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ჩვენს ჯარს მოუწია ბრძოლამ და რა იარაღიც გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, კიდევ იოლად გადავრჩით.
- ყველაზე მეტი დაჭრილი რომელ დღეს შემოვიდა?
ნიკა ჩადუნელი: - ეს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობაზე იყო დამოკიდებული. ყველაზე მძიმე 8 აგვისტო იყო, როცა ავიაციით შემოგვიტიეს. დაახლოებით 400 დაჭრილი მივიღეთ. ურთულესი იყო 9 აგვისტოც, როცა ავიაციამ სხვადასხვა პოზიციას დაარტყა და დაჭრილების რამდენიმე ტალღა წამოვიდა. ჯარისკაცები პირდაპირ საბრძოლო მანქანებით მოჰყავდათ. შოკის დარბაზში სამი მაგიდა გვქონდა, სამი პაციენტის მირება შეგვეძლო ერთდროულად. პირველივე დღეს ცხადი გახდა, რომ სამი მაგიდა არ გვყოფნიდა და კიდევ სამი დავამატეთ. მერე საკაცეებიც. იყო მომენტები, როცა ყველა მაგიდა დაკავებული იყო და პაციენტს ზოგიერთი გადაუდებელი მანიპულაცია იატაკზე, საკაცეზე უტარდებოდა. თუ ავიაცია არ გვიტევდა, დაჭრილები თითქმის არ გვყავდა.
- როგორც ამბობენ, პაციენტების სიმრავლის გამო ოპერაციები პირდაპირ ჰოსპიტალის ეზოში კეთდებოდა?
გოჩა კინწურაშვილი: - საკმაოდ მომზადებული ვიყავით იმისათვის, რომ ეზოში ოპერაციების გაკეთება არ დაგვჭირვებოდა. იყო შემთხვევები, როცა პაციენტთა რაოდენობა აღემატებოდა დასაშვებს, ამიტომ ზოგიერთს დახმარებას საკაცეზე ვუწევდით, ეზოში კარავიც გვქონდა გაშლილი, მაგრამ როგორც დამატებითი მიმღები და არა საოპერაციო.
ნიკა ჩადუნელი: - თავდაპირველად, ყველა დაჭრილი ჰოსპიტალის ეზოში გროვდებოდა და შემდეგ იწყებოდა მათი გადანაწილება. საომარი მოქმედებების დროს ჰოსპიტალში პაციენტებს არ ვაწვენდით. კრიტიკული პაციენტების დაყოვნება სულ ცოტა 2 საათი ხდებოდა, ყველაზე მეტი 24 საათი. მსუბუქად დაჭრილები თბილისში მიჰყავდათ.
- ოსი და რუსი ტყვეები თუ მოხვდნენ ჰოსპიტალში?
ნიკა ჩადუნელი: - იყო რამდენიმე. მხოლოდ ერთი - კაზიევი დაიღუპა, დანარჩენები გადავარჩინეთ. დიდი სისწრაფით მიმავალ ტანკზე ზემოდან მჯდარა და გადმოვარდნილა. სიცოცხლესთან არათავსებადი ჭრილობები და ქალა-ტვინის ტრამვა ჰქონდა. იყო ერთი ოსიც, ძიგოევი, ნაღმტყორცნელი. პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ და თბილისში გადავიყვანეთ. იყვნენ რუსი მფრინავები, რამდენიმე რუსი ჯარისკაციც. არც გვიფიქრია, რომ ჩვენი მტრები იყვნენ, თორემ, შესაძლოა ასეთ დროს ხელი ვერ გაანძრიო. ექიმის ვალია ყველაფერი გააკეთოს პაციენტის გადასარჩენად.